სატახტოთა თამაში
"ახლა უკვე იცი, ჩასჩურჩულა ყვავმა, მხარზე რომ ჩამოსჯდომოდა. ახლა უკვე იცი, რატომ გევალება, იცოცხლო.
- რატომ?- ჰკითხა ბრანმა, ვერაფერი გაეგო, ვარდებოდა, ვარდებოდა.
იმიტომ, რომ ზამთარი მოდის.
ბრანმა მხარზე შემომჯდარ ყვავს შეხედა და ყვავიც მას ჩააცქერდა. ფრინველს სამი თვალი ჰქონდა და ეს მესამე თვალი საზარელი ცოდნით იყო სავსე. ბრანმა დაბლა ჩაიხედა. ახლა მის ქვეშ აღარაფერი იყო თოვლის, თოშისა და სიკვდილის მეტი, მის ქვეშ დამზრალი, უსიცოცხლო მიწა მოჩანდა, სადაც ცისფერ-თეთრი, დაკბილული ყინულის წვეტები მასთან შეხვედრას მოელოდნენ. შუბების დარად მოქროდნენ მისკენ. ბრანმა მათ წვერებზე დაცემული ათასობით სხვა მესიზმრის ძვლები დაინახა. გაუსაძლისი შიში იპყრობდა.
- შეიძლება, კაცი მამაცი იყოს, თუ ეშინია?- სუსტ, შორეულ ხმად ჩაესმა საკუთარი სიტყვები. და მამის ხმამ უპასუხა:
- მხოლოდ მაგ დროს შეიძლება, კაცი მამაცი იყოს.
ახლა, ბრან, დაბეჯითებით უთხრა ყვავმა, აირჩიე. იფრინე ან მოკვდი.
სიკვდილმა წივილით გაიწვდინა მისკენ ხელები.
ბრანმა მკლავები გაშალა და გაფრინდა...
...- გამოიღვიძა, გამოიღვიძა, გამოიღვიძა!
ბრანმა შუბლზე მოისვა ხელი, თვალებს შორის. ის ადგილი, სადაც ყვავმა ჩაუნისკარტა, ჯერაც ეწვოდა, მაგრამ შუბლზე არც სისხლი, არც ჭრილობა არ ჩანდა. თავს სუსტად და გაბრუებულად გრძნობდა. შეეცადა, საწოლიდან გადმოსულიყო, მაგრამ არაფერი შეცვლილა.
უცებ, საწოლის გვერდზე რაღაც ამოძრავდა და შემდეგ მსუბუქად დაეშვა ბიჭის ფეხებზე. ბრანმა ვერაფერი იგრძნო. მზესავით კაშკაშა წყვილი თვალი შემოსცქეროდა. ფანჯარა ღია იყო და ოთახში ციოდა, მაგრამ მგლისგან მომავალი სითბო ცხელი აბაზანასავით ევლებოდა გარს. მისი ლეკვი, გაახსენდა ბრანს... ხომ ის არის? ახლა ისე დიდი ჩანდა. მოსაფერებლად გაიწვდინა ხელი, თითები ფოთოლივით უცახცახებდა.
როდესაც კოშკის კიბეებზე ამორბენით სულშეგუბებული მისი ძმა ოთახში შემოიჭრა, მგელსაზარა ბრანს სახეს ულოკავდა. ბიჭმა მშვიდად აიხედა მაღლა.
- მისი სახელია ზაფხული, - ასე თქვა."-ჯორჯ რ. რ. მარტინი
Comments
Post a Comment