ლაბირინთის ბრძოლა

" კართან მამაჩემი იდგა. როგორც ყოველთვის, ხაკის შორტი, ჭრელი პერანგი და სანდლები ეცვა. შავი წვერი მოკლედ შეეკრიჭა. მწვანე თვალები უბრწყინავდა. სატყუარებით მორთული გაცვეთილი კეპი ეხურა. კეპზე ეწერა: ნეპტუნის იღბლიანი სათევზაო ქუდი.
  - პოს... - დედაჩემმა დროულად დააჭირა ენას კბილები. თავით ფეხებამდე გაწითლდა.
  - გამარჯობა, სალი, - მიესალმა პოსეიდონი.- ძველებურად მშვენივრად გამოიყურები. შეიძლება შემოვიდე?
  დედაჩემმა გაურკვევლად დაიწრიპინა "კი" თუ "ვაი". პოსეიდონმა ეს თანხმობად მიიღო და შემოვიდა.
  პოლი დაბნეული აცეცებდა თვალებს და ჩემი და დედაჩემის გამომეტყველების წაკითხვას ამაოდ ცდილობდა. ბოლოს წინ გააბიჯა.
  - გამარჯობა, მე პოლ თორბლი ვარ.
  პოსეიდონმა ხელის ჩამორთმევისას წარბები შეჭმუხნა.
  - დორბლიო, მითხარით?
  - აჰ, არა, თორბლი.
  - გასაგებია,- თქვა პოსეიდონმა. - გამარჯობა, მე პოსეიდონი ვარ.
  - პოსეიდონი? რა საინტერესო სახელია.
  - დიახ, ძალიან მომწონს. სხვა სახელებითაც მიცნობენ, მაგრამ ყველას პოსეიდონი მირჩვნია.
  - ზღვის ღმერთის სახელია.
  - დიახ, ზუსტად.
  - ოჰ! - ჩაერთო მათ საუბარში დედაჩემი. - ძალიან მიხარია, რომ შემოგვიარე. პოლ, ეს პერსის მამაა.
  - აა, - თავი დააქნია პოლმა, მაგრამ  დიდად არ გახარებია. - გასაგებია.
  პოსეიდონმა გაიღიმა.
  - როგორ ხარ, პერსი? აჰ, აი, ტაისონიც. გამარჯობა შვილო!
  - მამა!- ტაისონი ოთახიდან გამობრაგუნდა და პოსეიდონს ისე მაგრად გადაეხვია, კინაღამ ქუდი წააძრო.
  პოლი პირდაღებული მიაჩერდა დედაჩემს.
  - ტაისონი...
  - ჩემი შვილი არაა, - სასწრაფოდ უპასუხა დედამ.- გრძელი ამბავია.
  - პერსის მეთხუთმეტე დაბადების დღეს ვერ გამოვტოვებდი, - თქვა პოსეიდონმა. - სპარტაში რომ ვცხოვრობდეთ, პერსი დღეიდან მამაკაცად ჩაითვლებოდა!
  - სწორია, - დაეთანხმა პოლი.- წინათ ანტიკურ ისტორიას ვასწავლიდი.
  პოსეიდონს თვალები აუციმციმდა.
  - ანტიკური ისტორია ეს მე ვარ..."-რიკ რიორდანი


Comments