მარიამ სტიუარტი

  "არასოდეს (ამაში ყველა წიგნი და გადმოცემა ტყუის) ადამიანის სიკვდილით დასჯა არ შეიძლება იყოს რომანტიკულად წმინდა და ამაღელვებელი. ჯალათის ნაჯახით სიკვდილი მუდამ საშინელი, ამაზრზენი სანახაობაა, საშინელი სასაკლაოა. პირველად ჯალათმა ააცდინა. პირველი დარტყმა კისერზე არ მოუვიდა, ყრუდ დაარტყა კეფაზე - მოწამეს დახშული ხრიალი, ყრუ კვნესა აღმოხდა. მეორე დარტყმამ ღრმად გაუჭრა კისერი, შადრევანივით იფეთქა სისხლმა. მხოლოდ მესამე დარტყმამ მოაცილა თავი სხეულს. კიდევ ერთი საშინელი წვრილმანი: როცა ჯალათმა თავს ხელი წაავლო თმაში, მაყურებელთათვის რომ ეჩვენებინა, ხელში მხოლოდ პარიკი შერჩა. თავი გადმოვარდა და მთლად სისხლში მოსვრილი კეგელის ბურთივით გრუხუნით დაგორდა ფიცარნაგზე. როცა ჯალათი მეორედ დაიხარა და ასწია, შემხედვარენი გაქვავდნენ: მათ წარმოუდგათ ( რა მოლანდება იყო) მოხუცი ქალის შეკრეჭილი, ჭაღარა თავი. ერთ წუთს საშინელებამ გააქვავა მაყურებელნი. ყველას სუნთქვა შეეკრა. სიტყვას ვერავინ სძრავდა. მხოლოდ პიტერსბოროუელი პასტორი მოეგო ბოლოს გონს და ჩახრინწული ხმით ჩაიბურტყუნა: "გაუმარჯოს დედოფალს!"
   უძრავი, ამღვრეული თვალებით შესცქეროდა თაფლის სანთლის თავი დიდებულებს, რომლებიც, ბედი რომ სხვაგვარად დატრიალებულიყო, მისი ერთგული მსახურნი და სამაგალითო ქვეშევრდომები იქნებოდნენ. 15 წუთს ცახცახებდნენ, ხრჭიალებდნენ შეკრული კბილები, ბოლოს მაყურებელნი შეიბრალეს, თავმოკვეთილ სხეულსა და თავს საჩქაროდ შავი ქსოვილი გადააფარეს. ამ სამარისებურ სიჩუმეში მსახურები იჩქაროდნენ თავიანთი საშინელი, მძიმე ტვირთის გადატანას, მაგრამ უცბად მოულოდნელმა ამბავმა გაფანტა ცრუმორწმუნეობრივი საშინელება. სწორედ იმ წუთში, როცა ჯალათებმა ასწიეს გასისხლიანებული სხეული, რომ მეორე ოთახში გაეტანათ, სადაც შემურავდნენ, კაბის ნაოჭში რაღაც ამოძრავდა, ვერავინ შეამჩნია, დედოფლის საყვარელი ძაღლი როგორ გამობმოდა მას და თითქოს თავისი ქალბატონის ბედი აშინებდა, მაგრად მიჰკვროდა. ახლა სისხლით მოსვრილი გამოხტა. ძაღლი ყეფდა, იკბინებოდა, წკმუტუნებდა, იღრინებოდა, არ შორდებოდა ცხედარს. ამაოდ ცდილობდნენ ჯალათები, ძალით მოეგლიჯათ, არ ემორჩილებოდათ, ვერც ალერსმა მოათვინიერა, გააფთრებული ეცემოდა უზარმაზარ შავ ურჩხულებს, რომლებმაც მისი საყვარელი ქალბატონი სისხლით შეღებეს. ღვიძლ შვილსა და ათასობით ერთგულ ქვეშევრდომზე უფრო გააფთრებით იბრძოდა ეს პაწია არსება თავისი ქალბატონისათვის."-შტეფან ცვაიგი 


Comments