შიკრიკი

"- მივაღწიე იქამდე, სადაც ის არის,- თქვა ლიდერმა, როცა ხმის ამოღება შეძლო.
 - იცოდა, რომ იქ ხარ? შეეძლო, შენი იქ ყოფნა ეგრძნო?
ლიდერმა თავი გააქნია:
 - არა. იმისთვის, რომ ჩემი იქ ყოფნა გაეცნობიერებინა, მეტი ენერგია დამჭირდებოდა. ძალიან შორს არის და ტყეც ხშირი და ძნელად გასაღწევია ახლა.
მატის უეცრად გონება გაუნათდა:
 - ლიდერო, როგორ ფიქრობ, შეიძლება, რომ ორი უნარი შეერთდეს?
ლიდერი, რომელიც ისევ მძიმედ სუნთქავდა, მატის მიაჩერდა:
 - რას გულისხმობ?
 - დარწმუნებული არ ვარ... მაგრამ... რა მოხდება, ნახევარი გზა შენ რომ გაგევლო, ნახევარი- იმას? ასე სადღაც შუაში შეხვდებოდით თქვენ-თვენი უნარებით და შენთვის ნახევარი გზის გავლა ასე ძნელი აღარ იქნებოდა.
ამჯერად ლიდერს თვალები დახუჭული ჰქონდა:
 - არ ვიცი, მატი.
ბიჭი დაელოდა, მაგრამ ლიდერს აღარაფერი უთქვამს. ცოტა ხნის შემდეგ მატი შეფიქრიანდა, ხომ არ ჩაეძინაო.
 - ფროლიკ! - ლეკვმა გაიღვიძა, შეირხა და ბიჭთან მივიდა.
 - ლიდერო, - თქვა მისკენ დახრილმა მატიმ, - უნდა წავიდე. ბრმის ქალიშვილი მყავს ჩამოსაყვანი.
 - იფრთხილე, - ჩაიჩურჩულა ლიდერმა დახუჭული თვალებით, - ახლა სახიფათოა.
 - ფრთხილად ვიქნები. ყოველთვის ვფრთხილობ.
 - ნუ გაფლანგავ შენს უნარს, ტყუილუბრალოდ ნუ დახარჯავ.
 - არ გავფლანგავ, - მიუგო მატიმ, თუმცა დანამდვილებით არ იცოდა, რას გულისხმობდა ლიდერი.
 - მატი...
 - ჰო...- მატი უკვე კი კიბის თავზე იდგა და ხელში ფროლიკი ეჭირა, რომელსაც ჯერ არ შეეძლო, საფეხურებს გამკლავებოდა.
 - ის გოგო ძალიან ლამაზია, არა?
მატიმ მხრები აიჩეჩა. მიხვდა, რომ ლიდერი კირას გულისხმობდა, მაგრამ ბრმის ქალიშვილი მასზე უფროსი იყო. მის უფროს დას ჰგავდა. ძველ საბინადროში არავინ უწოდებდა კირას ლამაზს. იქ სძაგდათ მისი სისუსტე.
 - მოღრეცილი ფეხი აქვს, - შეახსენა მატიმ, -და სიარულის დროს ჯოხს ეყრდნობა.
 - ჰო, - თქვა ლიდერმა, - ძალიან ლამაზია"-ლუის ლოური


Comments

Post a Comment